რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა დესტრუქციული დღის წესრიგის მარცხი - „ოცნება“

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი.

„რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია”, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელსაც პარტია „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსულტაცია გაიარა საარჩევნო ბლოკში მასთან ერთად შემავალ პარტიებთანაც.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას ნიკა მელიამ გააცნო.

ნიკა მელიას განცხადებით, ამნისტიის პუნქტის გამო პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუმცა უშუალოდ საკითხების გადაწყვეტაში ისინი ჩაერთვებიან.