ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია - გახარია

პუბლიკა

ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნამახვანჰესის კონტრაქტი სხვა დიდი ჰესების კონტრაქტებთან შედარებით უკეთესია, თუმცა დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, პროექტი კარგია ან ცუდი.

„ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ, ფაქტია. მე ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს კარგია თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, 2019 წლის აპრილში, როცა ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული“, – თქვა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, იმ დროისთვის ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და პროექტის ეკონომიკური ნაწილი არ ახსოვს.

„სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკური ნაწილი არც მახსოვს. ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა. არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. უბრალოდ, ეს კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს… ეს არ ნიშნავს იმას და ეს არ არის გარანტია, რომ ეს კარგია ან ცუდი“, – თქვა მან.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ხეობის მცველებთან სახელმწიფოს ამგვარი კომუნიკაცია არის პრობლემა.

„აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის დაკავშირებული ჰიდრორესურსებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ენერგორესურსები ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. პრობლემა არის აქ ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და თუ არ დალაგდა ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, – თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.