„თბილისის მერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით უნდა დაისახოს მიზანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ დააგროვოს. ეს არის სტრატეგიული მიზანი, რათა 2022-ში ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.
მისივე თქმით, ეს არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანას მოევლინოს კოალიციური მთავრობა და ამ კოალიციური მთავრობის პირობებში დაიდოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა.
მისივე თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა გვქონდეს.
„ჩვენ ძალიან სერიოზული გამოცდა გველოდება შემოდგომაზე. ვფიქრობ ჩვენი ფორმულა არის შემდეგი – ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენს ამომრჩეველს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე ჩვენ კოალიციური მმართველობა გვქონდეს. ამ ყველაფრისთვის საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე მერობის პოსტზე. თუ მხოლოდ თბილისის განლაგებას ავიღებთ, ეს არ უნდა იყოს ერთი მოცემულობა, რომ ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დაუჭიროს მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი”, – ამბობს ხაზარაძე.
მისი თქმით, ამ არჩევნებში ოპოზიციამ ჯამურად 60% მოაგროვა თბილისში. აქედან დაახლოებით 20% ჰქონდა ენმ-ს, დანარჩენს კი – 40%. ეს ნიშნავს, ოპოზიციურად განწყობილი სპექტრი არის სხვადასხვა გემოვნების, ყველას უნდა ცვლილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე გამოკვეთილად მოსწონს.
„გამოსავალი არის შემდეგი – თბილისი უფრო მეტია ვიდრე პოლიტიკა. თბილისს სჭირდება ძალიან სერიოზული განვითარების გეგმა. ამაში არ ვგულისხმობ ხეების დარგვასა და ლურჯი ან ყვითელი ავტობუსების ჩამოყვანას. რაც უნდა იყოს აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით. დაიღალნენ ადამიანები, იმაზე ლაპარაკით, რომ აი, კიდევ ახალი ავტობუსები ჩამოვა და ახალ ხეს დავრგავთ.
თბილისს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი, უამრავი პარამეტრის მიხედვით. თბილისის თავი, ანუ მერი, არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი. მეურნე ადამიანი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაუდგება გვერდში და დაეხმარებიან იმ პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი ერთობლივად შეიმუშავებს”, – აცხადებს ხაზარაძე.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს ერთი პარტიის ძალისხმევა და ერთი ლიდერი არ ეყოფა და ძალები უნდა გააერთიანონ.
„თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი. დიმიტრი გელოვანი, რატომაც არა. თუ მოვძებნით, ვიპოვით. ან ძალიან დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი, რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვეტყვით, რომ ჩვენ დაგიდგებით გვერდში, გეგმა დავდოთ და ერთხელ პრეცედენტს დავუშვებთ, რომ გავაკეთოთ საქმე ისე, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში“,- აცხადებს ხაზარაძე.