მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანი თქმით, გახარიას გუნდის წევრების ქმედებამ ბიძინა ივანიშვილი მიიყვანა იქამდე, რომ განცხადება გაეკეთებინა.
„ყველასათვის, არა მხოლოდ გუნდის წევრებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო გიორგი გახარიას ის გადაწყვეტილება, რომელიც მან სიურპრიზად, უეცრად მიიღო და გადადგა. ხშირად გვსმენია, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ახსნა, რომ ეს ალბათ არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რადგან სხვა მხრივ ვერავინ ხსნიდა, რატომ უნდა მიეღო მას ეს უეცარი გადაწყვეტილება.
საქმე ისე წავიდა, რომ გახარიას გუნდის წევრები და ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს, თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, რომ ისინი იყვნენ მხარდჭერილნი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მიერ. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე.
როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ ბიძინა ივანიშვილი მიიყვანა იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი.
… რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, დაგვყარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოისმინა „მოარულად და შეგნებულად“ გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პოლიტიკური პროექტია.