ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებენ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უარყოფს, რომ გიორგი გახარია მისი პოლიტიკური პროექტია.
ბიძინა ივანიშვილი აკრიტიკებს ყოფილ პრემიერს და ამბობს, რომ მისი გადადგომა იყო გუნდის და ქვეყნის ღალატი.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჯერათ, რომ გიორგი გახარია დამოუკიდებელი პოლიტიკოსია.
„ყველანი არიან ჩემთვის ერთი სახე, რომელიც არის ამ ქვეყნის განვითარების მთავარი პრობლემა. „მეჟდუ საბოიჩიკში“ ვინ ვის უღალატა ნაკლებად მაინტერესებს“, – განაცხადა პარლამენტში ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, გახარიას ოპოზიციონერის იმიჯი შეუქმნას.
„ახლა ხმების დაკარგვა და 43%-ის ვერაღება შარლ მიშელის დოკუმენტის პირობებში, „ქართული ოცნებისთვის“ არის შარი. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ საჯარო სივრცეში გაემიჯნონ გიორგი გახარიას და თქვან, რომ ის ოპოზიციონერია და ჩვენიანი საერთოდ არ არის, რომ გახარია დაჯდეს ოპოზიციის ხმებზე და ხელისუფლების ხმები ნაკლებად წაიღოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, ივანიშვილის წერილით პირველ რიგში დადასტურდა, რომ ის აკონტროლებს კვლავ მთავრობას და ხელისუფლებას.
„..და მეორე, ასევე ძალიან ლოგიკური რამე – ყველა შემთხვევაში მისი ამოცანაა ამ ახალმა სუბიექტმა, გახარიას პარტიამ ხმები წაართვას ოპოზიციურ ამომრჩეველში დღევანდელ ოპოზიციას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია“, – განაცხადა გიგა ბოკერია „TV პირველთან“.
იგივე პოზიციას იზიარებენ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
„აშკარაა, გახარია აზის „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვან ელექტორალურ ნაწილს, რაც ვერ უზრუნველყოფს „ქართული ოცნებისთვის“ 43%-ის მიღწევას თვითმმართველობის არჩევნებში და ის კატასტროფის წინაშეა. ამიტომ გამოაგორეს ბიძინა ივანიშვილი და აკეთებენ იმ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ელექტორატის მობილიზებას შეეცდება.
„ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის თამაში: „ბიძინა ივანიშვილს დაუსუსტდა ერთი საყრდენი „ქართული ოცნების” სახით და ვადამდელი არჩევნებისთვის საყრდენად სჭირდება მეორე ფეხი – ეს არის გიორგი გახარია”.
დღეს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოისმინა „მოარულად და შეგნებულად“ გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პოლიტიკური პროექტია.