პარლამენტი დღეს ხდება სრულფასოვანი ორგანო, რომელსაც ნაკლი არ გააჩნია - მეგრელიშვილი

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს ხდება სრულფასოვანი ორგანო, რომელსაც ნაკლი არ გააჩნია.

მან ეს განცხადება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ის დაპირისპირება, რომელიც თვეების განმავლობაში ქუჩიდან მიმდინარეობდა, უკვე შესაძლებელია საპარლამენტო სივრცეში გადავიდეს.

„… ბევრი ვიკამათოთ, თუნდაც ვიჩხუბოთ, მაგრამ ამას ბევრად ნაკლები ზიანის მოტანა შეეძლება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე იმ ჩხუბს, რომლითაც ვიყავით დაკავებული ბოლო ნახევარი წელი.

როგორი გამოგვივა ჩვენ თანამშრომლობა ამას გვაჩვენებს პროცესი. დაძაბულობის დროს, ჩვენს კოლეგებს ბევრი საწყენი და შეურაცხმყოფელი სიტყვები აქვთ ერთმანეთისთვის ნათქვამი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით მოვახერხეთ „რესტარტის“ გაკეთება“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღეს პარლამენტში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ. ისინი ამ წუთებში პლენარულ სხდომას ესწრებიან. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.