სხდომათა დარბაზში უპირბადოდ ყოფნის გამო ნაკაიძე საკუთარი თავის დაჯარიმებას ითხოვს

პუბლიკა

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე facebook-ზე წერს, რომ დღეს პარალამენტის სხდომათა დარბაზში პირბადის გარეშე იმყოფებოდა, რის გამოც შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაოუგზავნონ შესაბამისი ჯარიმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას და იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი მოქალაქეა დაჯარიმებული ამ სამართალდარღვევისთვის, თავს ვერ მისცემს უფლებას, რომ მის შემთხვევაში დაიშვას გამონაკლისი.

„დღეს, „რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული ვარ უპირბადოდ. აქვე ჟურნალისტმა მიუთითა რეგულაციასა და შესაბამის სანქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება, არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული, აღნიშნული წესის დარღვევისთვის. ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი”, – წერს ის.

ნაკაიძის facebook-პოსტს კომენტარში გამოეხმაურნენ დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია და აღნიშნეს, რომ უერთდებიან მისი facebook-სტატუსის პათოსს.

„ტარიელ ვუერთდები პათოსს მეც. კი ვართ მე და ხათუნა ორჯერ აცრილი, მაგრამ რახან არ არის ჯერ ეს რეგულაცია და 10 წუთით მოვიხსენით პირბადე ამოსასუნთქად, წესი წესია”, – წერს აქუბარდია.