პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე კანონპროექტს მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
ოპოზიციის პროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცველები, რომლებიც უკვე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული.
გუშინ პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტს II მოსმენაზეც დაუჭირა მხარი.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი – II მოსმენაზე ინიცირებული ვარიანტი
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში რამდენიმე მუხლში შესწორდა.
პირველ მუხლში განისაზღვრა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა, ვინც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
ამავე მუხლით, პირი, რომლის მიმართ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ითვლება ნასამართლეობის არმქონედ.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
კანონპროექტით, პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.