„ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე, რაც გვაქვს – წლის განმავლობაში მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრა ანუ 60% მოზრდილი მოსახლების, მივაღწიოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მასობრივ ვაქცინაციაზე საქართველოს ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს მაშინ, როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს.
„ამის გარანტიები ჩვენ უკვე გვაქვს. 500 ათასზე მეტი დოზა უკვე იქნება ივლისში, დაახლოებით მილიონამდე. შემდეგი 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა.
საუბარია 4 ვაქცინაზე – „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.