მინდა, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა - საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

პუბლიკა

საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის 2-დღიანი ვიზიტი დაიწყო.

„მოუთმენლად ველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტარებსა და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრებს. მინდა, ჩემი თვალით ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა.

ეუთო განაგრძობს არსებული ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – ასე ეხმაურება Twitter-ზე თავად ჰელგა მარია შმიდი საქართველოში თავის სტუმრობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში.