მაქვს ინფორმაცია, რომ სამიტის დეკლარაციაში საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება - ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წლევანდელი, ბრიუსელის სამიტი ხანმოკლეა და განსხვავებული ფორმატით ტარდება, საქართველოს საკითხს ალიანსის წევრები ყურადღებას დაუთმობენ და სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციაში ქვეყნის პროგრესი NATO-თან ინტეგრაციის გზაზე სათანადოდ იქნება წარმოჩენილი.

„მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია. თქვენ სულ რამდენიმე საათში იხილავთ, ალბათ, ტექსტს. ტექსტი არის ძალიან კარგი. მასში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით.

მაქვს მოლოდინი, რომ გაიმეორებენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ალიანსის წევრი. იქნება ასევე საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. ასევე, ვფიქრობ, ყურადღება გამახვილდება შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას აქვს ასევე ინფორმაცია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნის პროგრესი NATO-ს არასაჯარო დოკუმენტში, 2030 წლის სტრატეგიაშიც იქნება ასახული.

დავით ზალკალიანის თქმით, ალიანსის შეფასებებიდან ჩანს, რომ საქართველო მაღალ დონეზე ასრულებს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას და აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი მისი წევრობისთვის. ზალკალიანის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანა მხოლოდ NATO-ს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც ალიანსის წევრებმა კონსესუსით უნდა მიიღონ.


ბრიუსელში NATO-ს სამიტზე, რომელიც დღეს იმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც შეეხებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საკითხი უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.