„ყურძენს ვაბარებ“ - გუბაზ სანიკიძემ გასულ წელს 50 000 ლარის შემოსავალი მიიღო

პუბლიკა

პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც პარლამენტში საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიით მოხვდა, ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 11 თებერვალს შეავსო.

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს დეკალარაციაში მეუღლე და შვილები ჰყავს მითითებული. გუბაზ სანიკიძის დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს საცხოვრებე სახლს და მიწის ნაკვეთს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის, სოფელ ჭყვიშში. ასევე, ბინას თბილისში, რომელიც 2011 წელს 250 ათას ლარად შეიძინა.

პოლიტიკოსის საკუთრებაშია ბიბლიოთეკა, იშვიათო გამოცემებით, რომელიც მემკვიდრეობას წარმოადგენს. ასევე, ავტომანქანა  – Land Rover Discovery, 2003.

პარლამენტარ გუბაზ სანიკიძის შემოსავლებში მითითებულია ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია, რომელმაც წინა წლის 1 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 6 720 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, პოლიტიკოსმა გასულ წელს 50 000 ლარის შემოსავალი მიიღო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით.

გუბაზ სანიკიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მევენახეობას ეწევა და ეს თანხა ყურძნის გაყიდვით მიღებული შემოსავალია.

„ვენახი მაქვს, მევენახეობით ვარ დაკავებული. ყურძენს ვაბარებ ალექსანდროულ-მუჯურეთულს, როლისგანაც კეთდება მერე ღვინო ხვანჭკარა, ორი ჯიშისგან კეთდება.

… ყურძენს ვაბარებ, ასე ვცხოვრობ და ასე ვინახავ ოჯახს”, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.