რუსი ტურისტი უნდა გრძნობდეს, რომ მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქეები - ხაზარაძე

პუბლიკა

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საზოგადოებაში პრობლემაა, რადგან ვერ ჩამოვაყალიბეთ, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ოკუპაციის მიმართ და როგორ დავიცვათ მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ღირსება.

ხაზარაძემ მაგალითად მოიყვანა გავრილოვის მიერ პარლამენტი თავმჯდომარის სკამის დაკავების ფაქტზე გაჩენილი განსხვავებული პოზიციები და თქვა, რომ ეს არ არის ოპოზიცია-პოზიციის საქმე, არამედ სახელმწიფოს ღირსების საკითხია.

„20% არის ოკუპირებული. უნდა გვქონდეს მკაფიო და მკაცრი პოზიცია. ტურისტები, რომლებიც მოდიან და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია რუსი ტურისტი, ის უნდა გრძნობდეს, რომ აქ  მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქეები. ჩემი თხოვნაა და მოწოდება, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები შევაჯეროთ და გამოვიდეთ ერთიანი პოზიციით, რომ ერთი მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას“, – განაცხადა ხაზარაძემ.