პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ანაკლიის პორტზე მამუკა ხაზარაძის ხედვას „საუკუნის ძარცვა“ უწოდა, რადგან მისივე თქმით, ხაზარაძე და თავისი ჯგუფი საერთასორისო სასამართლო დავაში კომპენსაციის სახით 1.5 მილიარდ დოლარს ითხოვს.
„როდესაც ბატონი ხაზარაძე საუბრობს ბატონ ივანიშვილზე, მე შედარებისთვის ფაქტებით მინდა მივმართო მას და ძალიან სამწუხაროა, რომ ის დღეს დარბაზში არ ესწრება. ჩვენ, აქ, მთელი მთავრობა თითოეულის გამოსვლას დავესწარით, ყველას ყურადღებით მოგისმინეთ. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან, მეგობრებო, შედარებისთვის, ბატონმა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი
დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის რამდენს?- 1.5 მილიარდ დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს 1.5 მილიარდი დოლარი. აი, ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე და თქვენეული ხედვა, ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა პრემიერის დროს ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისაც. პრემიერმა ასევე აღშნა, რომ მთავრობამ მილიონობით ლარის ვალდებულება აიღო, კომპანიას კი შესრულების ვადა 4-ჯერ გადაუწია.
„დღეს რომ ანაკლიაში ჩახვიდეთ, ქვიშის გორებია და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე. რეალურად შესრულებულია არაფერი, ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ, დახარჯეს 80 მილიონი, მაინც ჩივიან 1.5 მილიარდს – როგორც ბატონი ვაშაძე იტყოდა, ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას და ვართ ღარიბი ქვეყანა. რაზეა საუბარი მეგობრებო, ამდენი ფარისევლობა და სიყალბე არის დამღუპველი, დამღუპველია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.