მერობის კანდიდატი ერთადერთია – კახა კალაძე. ველოდებით მის თანხმობას – ზარქუა

პუბლიკა

„თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ის, რომ თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ კვლავ კალაძეს განიხილავს, დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი, კახი კალაძე. ჩვენ ველოდებით ბატონი კახისგან, რომ თანხმობა მოგვცეს ამაზე და შესაბამისად მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. არავინ არ განიხილებოდა და არც განიხილება. ჩვენი მხრიდან არის მხარდაჭერა. უბრალოდ, ველოდებით, რომ ბატონი კახი ჩამოყალიბდება და საბოლოოდ იტყვის თარიღს და თანხმობას“, – აცხადებს ზარქუა.

უკვე ცნობილია, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.