„ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს. ამის საჭიროება იყო“ – კალაძე მერიაში გაზრდილი საწვავის ხარჯზე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, გასულ წელს მერიაში თანამშრომელთა ნაწილისთვის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯის გაზრდის აუცილებლობა იყო.

„ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს. ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული“, – თქვა კალაძემ IDFI-ის კვლევის პასუხად. კვლევის მიხედვით, 2018 წელს თბილისის მერიაში გაიზარდა საწვავის ხარჯი, ასევე – შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და ანაზღაურება.

„ყველა ცვლილება განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე“, – თქვა თბილისის მერმა.

IDFI-ის კვლევით, თბილისის მერიის მიერ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვის დახარჯულმა ჯამურმა თანხამ 2017 წელს 23 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2018 წელს – დაახლოებით 23 მლნ 900 ლარი.

ასევე, კვლევის მიხედვით, 2018 წელს 278 ათასი ლარით გაიზარდა მერიის საწვავის ხარჯი.