„სხვა შეკითხვა არ გვაქვს: როდის აპირებთ გადადგომას?“ - ჟურნალისტები ღარიბაშვილს

პუბლიკა

„როდის აპირებთ გადადგომას?“ – მხოლოდ ეს შეკითხვა ჰქონდათ დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე ამ შეკითხვის შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შორიდან ხელი დაუქნია და გზა განაგრძო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა მოკლე კომენტარი გააკეთა მიშელთან შეხვედრის შესახებ, ხოლო როცა ჟურნალისტებმა ისევ ჰკითხეს – „როდის აპირებთ გადადგომას?“, „როდის აიღებთ პასუხისმგებლობას?“, „სხვა კითხვა არ გვაქვს, როდის გადადგებით?“, – მათ ღარიბაშვილმა არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა.


ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობრივი თავდასხმების გამო არ შედგა.

მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ექსპერტიზა.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მედიის წარმომადგენელთა ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს.