„ევროპული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატურაზე ნიკა მელიას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ დღეს ნიკა მელიას წარდგენის შემდეგ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მართალია, დაგვიანებით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან ან არასდროს, ერთი ეტაპი კონსულტაციების არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია იქნება მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
შემდეგომში კი უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე. ჩვენი ყველასი, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის და იმედი მაქვს, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მელია ოპოზიციის ნაწილმა მერობის საერთო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.
ნიკა მელიასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იბრძოლებს. თბილისის ვიცე-მერის კანდიდატურა კი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა, მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისს კოალიციური მთავრობა ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისის საარჩევნო ოლქებში თავის კანდიდატებს არ დააყენებს.
ხოლო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის ცოტნე კობერიძის თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ პარტია თბილისის სამ მაჟორიტარულ ოლქში მიიღებს ოპოზიციური კოალიციის მხარდაჭერას.