„ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია“ - საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა

პუბლიკა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა.

„საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენფილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 2 თვე ნახევრის მანძილზე, 16 სამუშაო შეხვედრაზე, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოჰკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები იქნა გამოთხოვილი.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ,  გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შემადგენლობით,   2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა.

კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, რომლის შემდგომაც აღნიშნული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურებით წარიმართება.