„არავითარი ქართული შტამი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი „დელტა“, ანუ ინდური შტამი, „დელტა პლუსი“ ჰქვია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ისრაელში კორონავირუსის ქართული შტამი დაფიქსირდა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, „დელტა პლუსი“ ერთ-ერთი ქვეშტამია კლასიკური „დელტა შტამის“.
„მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. ეს არის „დელტა პლუსი“. ლაბორატორიულად ჩვენ გვაქვს დადასტურებული „დელტა პლუსის“ 2 შემთხვევა. „დელტა პლუსი“ გაცილებით მეტი იქნება. რასაც ჩვენ ლუგარში ვუყურებთ, ჩვენთან უკვე ცირკულაციაშია. მის ექსტრაპოლაციას ვაკეთებთ. „ალფა“ ანუ ბრიტანული შტამი უკვე ჩაანაცვლა „დელტამ“ (დაახლოებით 40-50%)“, – ამბობს გამყრელიძე.