„ქართული ოცნება” რომ დარწმუნდა, 43%-ს ვერ მიაღწევდა, წავიდა ვაბანკზე – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, „ოცნებამ” დღევანდელი გადაწყვეტილებით საფრთხე არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქვეყანას შეუქმნა.
„ქართული ოცნება” 5 ივლისის მერე ამოწმებს, რამდენად შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღებას. რადიკალური ჯგუფები, ეკლესიის გამოყენება, საპატრიარქოს ჩართვა, თავდასხმები ჟურნალისტებზე, მტრის ხატის რიტორიკა, რადიკალიზაცია – ყველაფერი მოსინჯა და რომ დარწმუნდა, 43%-ს ვერ მიაღწევს, წავიდა ვაბანკზე.
მთელი ქვეყანა ჩააგდო საფრთხეში, როდესაც უარი უთხრა ამერიკას და ევროპას. ეს შეთანხმება არ არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეს ხელშეკრულება არის ჩემი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, გარანტიით, მონიტორინგით, და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას”. თუმცა ეს არაა ჩვენი პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ მთელ ქვეყანას უქმნის ეს ხელისუფლება საფრთხეს”, – ამბობს სამნიძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.