15 მარტიდან დღემდე მიზნობრივი 46 520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 15 მარტიდან დღემდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი 46 520 სამედიცინო მუშაკის მხოლოდ 36%-ია აცრილი.

„8 აგვისტოს მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სწორედ აღნიშნულ პრიორიტეტულ ჯგუფებშია. კერძოდ, ჯანდაცვის სექტორში, ექიმების, ექთნებისა და სექტორის სხვა პერსონალს შორის ჯამურად 17 200 პირია აცრილი, რომელთაგან მხოლოდ 6 443 პირს აქვს მიღებული ორი დოზა. აქედან ექიმია 3 751, ხოლო 645 – ექთანი. ერთი დოზით აცრილი სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 11 569 ადამიანია.“

4 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილი იყო სრული მოსახლეობის მხოლოდ 4.8%, მინიმუმ, ერთი დოზით კი – 10.4%. 18 წელს ზევით მოსახლეობის 13.5% ერთი დოზით მაინცაა აცრილი, 6.2% კი – სრულად.

აცრებისა და ჯავშნების 58% თბილისზე მოდის.

„IDFI-ის ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვის შედეგადაც რთულდება გავიგოთ, თუ რა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის, უცნობია, რა თანხას ვიხდით ვაქცინებში. მიუხედავად ბოლო პერიოდის ვაქცინაციის დინამიკის ზრდისა, ნათელია, რომ ქვეყანაში შემოსული დოზების დროული და ეფექტური ადმინისტრირება ვერ მოხერხდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მიღებული 2 მილიონზე მეტი დოზიდან ამ ეტაპზე გამოყენებულია მხოლოდ 645 ათასი დოზა. ამასთან, მიზნად დასახული 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის სამიზნე რაოდენობის (60%) მოცვა 2-ჯერადი აცრით მხოლოდ 10.4%-ს შეადგენს.“

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.