ახალი სამაგისტრო პროგრამა იბსუ-ში – “ციფრული მედია და კომუნიკაცია”

რეკლამა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის “ციფრული მედიისა და კომუნიკაციის” ახალმა სამაგისტრო პროგრამამ, სრული ოთხწლიანი აკრედიტაცია მიიღო. პროგრამა აშშ-ს საელჩოს „მედიაგანათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და ამბის თხრობის“ სამაგისტრო პროგრამის ანალოგიით (ხელ-ი პროფ. რიშელ როჯერსი) მომზადდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამა, უნიკალურია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის პირველი მცდელობა სამაგისტრო საფეხურზე ციფრული მედიისა და ციფრული კომუნიკაციების სწავლების. მისი კომპეტენციები რელევანტურია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.

პროგრამის მიზანია მოამზადოს სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თანამედროვე მედიაინდუსტრიის შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც გარდა თეორიული ცოდნისა, ფლობენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ვიზუალური ამბის თხრობის ხერხებსა თუ ფორმებს; სხვადასხვა პლატფორმების მომზადებისა და მულტიმედია მასალების შექმნის უნარს; სოციალურ მედიაში პიარ კამპანიების დაგეგვის უნარს; კვლევის წარმოებისა და სოციალური მედიის ანალიტიკის უნარს; მონაცემთა დამუშავებისა და მათი ვიზუალიზაციის უნარს და ა.შ.

სამაგისტრო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს სიღრმისეულად შესწავლა. განკუთვნილია როგორც მათთვის, ვინც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ჟურნალისტიკას/მასობრივ კომუნიკაციას, ისევე მათთვისაც, ვინც გადაწყვეტს მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე სპეციალობის შეცვლასა და ახალი პროფესიის დაუფლებას.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება, როგორც ონლაინმედიაში, ასევე ტრადიციულ მედიაორგანიზაციებში (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო); საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, მულტიმედიაჟურნალისტებად, პროდიუსერებად, სოციალური მედიის მენეჯერებად და ა.შ.

პროგრამა სექტემბერში უკვე მიიღებს პირველკურსელებს. სწავლის საფასურია 3750 ლარი. დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე და მისაღებ პროცედურებზე შეგიძლიათ იხილეთ აქ.

“ციფრული მედიისა და კომუნიკაციის” ახალი სამაგისტრო პროგრამა შეფასებულია უცხოელი ექსპერტების მიერაც. 6 გამოხმაურება მიიღო ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.

გთავაზობთ ამონარიდებს მათი შეფასებებიდან:

პროფ. თომას ჰანითში, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტი, მედიისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა. კარგად ორგანიზებულია და ორიენტირებულია მომავალი კურსდამთავრებულების საჭიროებებზე, როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობების, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების თვალსაზრისით… პროგრამის დიზაინი შემუშავებულია ლოიოლას უნივერსიტეტის (აშშ) ანალოგიური პროგრამის მოდელით, მომზადებულია მისი დირექტორის კონსულტაციებით. პროფ. ოსეფაშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო გამოცდილების ლექტორი და მკვლევარია. პროგრამაში ჩართული პერსონალიც გამოცდილი ჩანს ამ დარგში. პროგრამის სტუდენტებს აქვთ მრავალფეროვანი არჩევითი კურსების შესაძლებლობა… კურსების ინგლისურენოვანი კომპონენტი იძლევა პროგრამის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობას…“

პროფ. ესვინ პუნათჰამბეიკერი, ვირჯინიის უნივერსიტეტი, აშშ: „ეს პროგრამა ძალიან დროული და თანამედროვეა. მიმართულია იმ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რომელიც აუცილებელია მედიისა და კომუნიკაციის სფეროში.. ციფრული ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორში დასაქმებისთვის და პროგრამა ნამდვილად იძლევა კარგ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას… პროგრამის დიზაინი ძალიან კარგად გამოიყურება. პროგრამის ხელმძღვანელი დოქტორი, პროფ. დალი ოსეფაშვილი გამოცდილი მკვლევარი და პროფესორია შესანიშნავი უნარებით. გარდა ამისა, ძალიან კარგი არჩევანია ლოიოლას უნივერსიტეტის პროგრამასთან ანალოგია…“

პროფ. ჯინ ალენი, ტორონტოს რეიერსონის უნივერსიტეტი: „პროგრამა ძალიან თანამედროვეა და კარგად სტრუქტურირებული… კურიკულუმი ციფრული მედიაგანათლების მიზნის შესაბამისია…ეფუძნება ინდუსტრიის საჭიროებებს…”

პროფ. დეიმანტას ჯასტრამკისი, ვილნიუსის უნივერსიტეტი: „ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პროგრამაა. სწრაფად ცვალებად მედიაგარემოში, როცა ხდება გადასვლა ტრადიციულიდან ციფრულ პლატფორმებზე, მნიშვნელოვანია ისეთი ჟურნალისტების მომზადება შრომის ბაზრისთვის, ვინც ფლობს ამ უნარებს…“

პროფ, ჯორჯეტა დრულა, ბუქარესტის უნივერსიტეტის ციფრული მედიაპროდუქციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ”პროგრამის კურიკულუმი უახლეს ცოდნაზეა დაფუძნებული. ინოვაციურია პითონის სწავლება და ასევე ძალიან სასარგებლო ინოვაციური კურსებია ვებპროგრამირება და მულტიმედიაჟურნალისტიკა…“

პროფ. ჯიორჯო რევტფალვი, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ინტერნეტმედიის პროგრამების ხელმძღვანელი: „ეს პროგრამა ძალიან თანამედროვეა… პროგრამირების ინოვაციური კურსები, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის…“