ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნოდ აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან - კვლევის წინასწარი მიგნებები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტის (IDSD) საარჩევნო პროცესზე კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის შესახებ მიმდინარე კვლევის წინასწარ მიგნებებს აქვეყნებენ.

კვლევა აფასებს კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის მასშტაბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში.

როგორც კვლევის წინასწარ მიგნებებში ვკითხულობთ, ცალკე უნდა აღინიშნოს ხელისუფლების სასარგებლოდ ე.წ. კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების ჩარევა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მათი აქტივობა, როგორც წესი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება, ხოლო განსაკუთრებულ მასშტაბს არჩევნებამდე 7-10 დღით ადრე იძენს. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, კვლავაც აქტუალურია, ხოლო არაფორმალური ჯგუფების მიერ გამოყენებული ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ მრავალფეროვანია.

„ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები იყენებდნენ არის ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე „უბნის ავტორიტეტების“ ახლო დისტანციაზე შეჯგუფება, ხმამაღალი გინება და გამომწვევი ქცევა პროვოკაციის მოწყობის და უბნებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზნით. გარდა ამისა, ზემოქმედების ე.წ. ბერკეტებს შორის არის ფსიქოლოგიური ძალადობაც, როდესაც ე.წ. უბნის ავტორიტეტები როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს უბნებში აქტიურად გამოჩენით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველზე – კენჭისყრის დღეს, ისინი ჯგუფდებიან საარჩევნო უბანთან, რითიც მიანიშნებენ ამომრჩეველს, რომ თვალყურს ადევნებენ ხმის მიცემის პროცესს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აკონტროლებენ ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს. როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სწორედ ხმის მიცემის ფარულობის მიმართ ამომრჩევლის სკეპტიციზმი წარმოადგენს.“

კვლევის ავტორთა შეფასებით, არსებული სურათი, ასევე საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ მათი არჩევანი, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან აფიქსირებენ, ცნობილი გახდება მათზე ზეწოლის განმახორციელებელი პირებისთვის. აქვე ნათქვამია, რომ ამომრჩეველს უმყარდება რწმენა, რომ არჩევნების შემდეგ ისინი პირისპირ დარჩებიან ე.წ. უბნის ავტორიტეტებთან და მათი ან/და მათი შვილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ან თავს არიდებენ არჩევნებში მონაწილეობას, ან ზეწოლის შედეგად ხმას აძლევენ არასასურველ კანდიდატს.

„კვლევის დროს დასახელდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე ე.წ. უბნის ავტორიტეტების მიერ შექმნილმა დაძაბულობამ და საარჩევნო გარემომ, აიძულა ოპოზიციური განწყობის ამომრჩეველი საარჩევნო უბნიდან უკან გაბრუნებულიყო და უარი ეთქვა მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაზე. როგორც ირკვევა, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მოტივაცია და მათი სუბკულტურული სტატუსი განსხვავებულია. რეგიონებში საუბარია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებზეც“, რომლებიც ე.წ. „პრაგონით“ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ადგილებზე ქალაქების, თუ უბნის მაყურებლები, ასევე ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამ სუბკულტურას მიაკუთვნებს თავს ან მის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, არჩევნებში უნდა დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს.“

კვლევა ხორციელდება სამაგიდე და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებული სამაგიდე კვლევის ფარგლებში შეჯერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე განხორციელებული ყველა ძალადობრივი ფაქტი, რომელიც აღწერილია სხვადასხვა ტიპის საჯარო წყაროებში.გარდა ამისა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, განხორციელდა თითქმის ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიქტის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლის გამოკითხვა, 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ გამოცდილებასთან დაკავშირებით.

კვლევის წინასწარი მიგნებები სრულად იხილეთ ბმულზე.