ფოტო | ისტორიები ჰოლოკოსტის შედეგად გახლეჩილ ოჯახებზე

ვასკა მათითაიშვილი

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იხსენებს ნაცისტური რეჟიმის ქვეშ ჰოლოკოსტის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულ მილიონობით ებრაელს. წელს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავია. გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა ხსენებულ ბანაკში 1,1 მილიონი ებრაელი მოკლა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ებრაულმა ორგანიზაცია „ცენტროპამ”, რომელმაც ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში 1 200 ებრაელი გამოკითხა, გააცოცხლა ჰოლოკოსტის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული მრავალი ადამიანის ისტორია და ოჯახის წევრთა მოგონებები მათზე.

პოლონეთი

ჯულიან გრინგრასი: „ეს არის ჩემი ახალგაზრდა დის ბალას და მისი დისშვილის ჟიჟას ფოტო, რომელიც გადაღებულია 1938 წელს, ქალაქ კელცეში. ფოტოში ის 18 წლის არის. გოგოები ფოტოატელიეში მუშაობდნენ.

თუ არ ვცდები, ისინი რეტუშირებას სწავლობდნენ. ორივე ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც გერმანელმა სამხედროებმა მალევე დახოცეს“.

ირენა ვიგოძკა: „ესტუჩია ჩემი საყვარელი ბიძაშვილი იყო. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მისი მამა ძალიან რელიგიური იყო, გრძელ წვერს ატარებდა, თუმცა ესტუციას კომუნისტები მოსწონდა. ის პარტიაში არ გაწევრებულა, მაგრამ ჰყავდა სამეგობრო, რომლებთან ერთადაც შეკრების დროს პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდა.

„მისი ოჯახი აუშვიჩში გადაასახლეს, სადაც ისინი გაზის კამერაში დახოცეს“.

ჩეხეთის რესპუბლიკა (ყოფილი ჩეხოსლოვაკია)

ანა ჰინდრაკოვა: „ეს ფოტო პრაღაში 1941 წლის ოქტომბერშია გადაღებული, ჩემი დის გერტრუდას და ფრანტისეკის ქორწილში. ის რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული ფრანტისეკის საკონცენტრაციო ბანაკ ტერეზინში გადასახლებამდე.

„ჩემი და ტერეზინში 1941 წელსვე წავიდა და იქ ისევ შეხვდა ქმარს. 1943 წელს მათ შვილი ეყოლათ, სახელად ჟანა ივანა.

„ჩვენ ყველანი გადაგვასახლეს აუშვიცში, სხვადასხვა დროს, დედაჩემისა და მამაჩემის ჩათვლით. იქიდან მხოლოდ მე დავბრუნდი ცოცხალი“.

ტომან ბროდი: „[ეს არის] დედაჩემი ოლღა ბროდოვა და ჩემი ძმა ჰანუსი. ფოტო 1927 წელს არის გადაღებული.

„მე მისი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ დავიბადე. მე, დედაჩემი და ჩემი ძმა ტერეზინში 1942 წლის 27 ივლისს გადაგვასახლეს.

„დედაჩემი მარტივად შეეჩვია სამუშაო გარემოს და ექთნად მუშაობდა, ფიზიკური და მენტალური უნარების მქონე შეზღუდული ბავშვების დასახმარებლად.

„1943 წელს ტერეზინი დაგვატოვებინეს და აუშვიცში გადაგვასახლეს. მე შრომით ბანაკებში აღმოვჩნდი და ომის დასრულებისთანავე გამათავისუფლეს. რაც შეეხება ჩემს ძმასა და დედაჩემს, ისინი სავარაუდოდ 1944 წელს დახოცეს.

ჟირი ფრანეკი: „ეს ჩემი ძმის, ფრანტისეკ ფრიშმანის 1940 წლის ფოტოა.

„ფრანტისეკი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და ჩემზე უნარიანი, გამჭრიახი და ძლიერი გახლდათ. ჩვენს ბიძას მისი გაპარება სურდა შვეიცარიის საზღვრის გავლით, რათა გერმანელებისთვის თავი დაეღწია. მან გიდიც კი დაიქირავა, რომელსაც ფრანტისეკისთვის შვეიცარიის საზღვრამდე გზა უნდა გაეკვლია, იქიდან კი საფრანგეთში უნდა გადასულიყო.

„ყველაფერი მოგვარებული იყო და ჩემმა ოჯახმაც უწყოდა ამის შესახებ, თუმცა ამბობდნენ, რომ ფრანტისეკს ჯერ სასწავლებელი უნდა დაემთავრებინა და შემდეგ გაპარულიყო, თუმცაღა ამ დროის განმავლობაში პარიზი გერმანელებმა დაიკავეს, რის გამოც ჩემმა ძმამ საფრანგეთში ვერ გააღწია.

„იგი აუშვიცში გადაასახლეს და მოკლეს, თუმცა ეს ანდერძია ამ შემთხვევაში მწარე, იმ ფასისთვის, რომელიც განათლებას მიენიჭა.

წყარო: BBC