საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც ქუთაისელებს მიმართავს.
წერილს ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
„ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო,
იცით, როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი. ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს და ესე იგი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.
გთხოვთ, იაქტიურეთ, თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება“, – ვკითხულობთ წერილში.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.