100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა ყველაზე დაბალი თბილისსა და აჭარაშია, სადაც აცრის მაჩვენებელია მაღალი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ინფიცირების ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, რასაც გამყრელიძე ამ რეგიონებში ჩატარებული აცრების მაღალი მაჩვენებლით ხსნის.

„შემთხვევათა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გადათვლით ყველაზე ნაკლები გვაქვს თბილისსა და აჭარაში. გასაგებია აბსოლუტურ რიცხვში თბილისში მეტია, მაგრამ  100 ათას მოსახლეზე თუ გადავთვლით თბილისში ყველაზე დაბალია ინციდენტობა და აჭარაში, რატომ? – ყველაზე მაღალი აცრის მაჩვენებელი გვაქვს თბილისში – 52%, თითქმის უკვე მივუახლოვდით 60%-იან თამასას და ასევე საკმაოდ მაღალი გვაქვს აჭარაში.

ყველაზე რთული დღევანდელი შემთხვევებიდან  გამოიკვეთა იმერეთი, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000 გადასცილდა, ასევე სერიოზულად არის სიტუაცია გაუარესებული კახეთსა და სამეგრელოში. ამიტომ ყველგან უფრო მეტი აცრა არის ჩასატარებელი. იმიტომ, რომ როგორც მოგიტანეთ ციფრები, აცრა დაახლოებით 9-ჯერადობით იცავს ინფიცირებისგან“, – განმარტავს გამყრელიძე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევარეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 225, იმერეთი – 1 060, ქვემო ქართლი – 256, შიდა ქართლი – 349, გურია – 156, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493, კახეთი – 617, მცხეთა-მთიანეთი – 104, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.