პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სალომე სამადაშვილის თქმით, სამი ევროპელ პოლიტიკოსს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდნენ, არ ეძლევათ ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.
„იცით, რომ დღეს საქართველოში ჩამოვიდა ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ასევე ლიტვის პარლამენტის ორი წევრი. ამ პოლიტიკოსებს დღეს აქ სურდათ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. სამწუხაროდ, 6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.
მე პირადად მიმაჩნია, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისათვისაც, ცხადია, ევროპულ პოლიტიკოსებთან პირისპირ შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს მიღებული უფლება შესვლის ციხეში, მე ახლა ამ უფლებას გამოვიყენებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როგორც მან თქვა, მიხეილ სააკაშვილთან შეაქვს ასევე წერილი, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები აწერენ. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ წერილს ორი მთავარი გზავნილი აქვს – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ასევე მიხეილ სააკაშვილმა განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა.
დღეს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მან მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის ნებართვა ითხოვა.
„ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, – აცხადებდა დღეს ევროპარლამენტარი.