მდინარაძის თქმით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის ჯანმრთელობის მართვის გამოცდილება არ აქვთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოშიმშილის ჯანმრთელობის მართვის მეტი გამოცდილება აქვს ციხის საავადმყოფოს, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამოქალაქო საავადმყოფოს.

„გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ექიმი. პერსონალზე ვერაფერი თქვა, კარგად დაახასიათა. აპარატურაზეც ვერაფერი თქვა და თქვა, რომ გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ ციხის გარეთ შიმშილობა? ანუ ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვს…

მოშიმშილის მართვის, მისი ჯანმრთელობის მართვის გამოცდილება გამოდის, რომ  აქვს მხოლოდ იმ დაწესებულებას (რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო), ციხის იმ საავადმყოფოს, სადაც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი განთავსებული. სხვა კლინიკებს ამისი გამოცდილება არა აქვთ როგორც შიმშილობის, ასევე შემდეგ, სარეაბილიტაციო პერიოდში“, – განაცხადა მდინარაძემ.