დღეს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაერთაინებული ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, ისინი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მათ ფაქტებით გააცნონ ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დეტალები.
„ჯერ კიდევ 5 ნოემბერს, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლის, მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობები. ვთქვით რომ გვქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია, არანაირი გამოძიება არ დაიწყო. 24 ნოემბერს უკვე გავასაჯაროვეთ შესაბამისი მტკიცებულებები სადაც ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული. ამ დრომდე გამოკითხვაზე მაგალითად მე ორჯერ ვიყავი და ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრია მხოლოდ დაბარებული. ჩანაწერებში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანები, ვინც ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ახორციელებდა. თუმცა აქამდე მათი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა….
იმის ფონზე, როდესაც ამ გამოძიებას ახლაც ხელმძღვანელობს მთავარი ბრადლებული ამ საქმეში, თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე, რომელიც ამ დრომდე ინარჩუნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, იმის ფონზე, როდესაც ხელის გადაგრეხვით, ათასი პოლიციელის დახმარებით, ვადაგასულმა საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი, ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში.მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარ საელჩოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა ფაქტებით ავუხსნათ რასთან გვაქვს საქმე” , – ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე.
ბათუმში ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატის, ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება 25 ნოემბერს დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი გამართა. მან ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა და აუდიოჩანაწერები წარმოადგინა.
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.