„თქვენ იცით ჩვენი მიდგომა, რომელიც ლოიალურია, მაგრამ იმ მძიმე ფსიქო – ემოციური ფონის პერიოდში, მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორი იყოს გათვალისწინებული. არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციით წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე თვლის, რომ „აქვთ ბერკეტები მოსახლეობის მოტივაციისთვის“.
„ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამოიწუროს კომუნიკაციის ყველა არხი და ამის შემდეგ მოხდება განხილვა იმის უნდა გახდეს თუ არა ვაქცინა სავალდებულო. ჩვენ ვთვლით, რომ ინფორმაცია საკმარისია. ჩვენ მაქსიმალურად გვაქვს გაშლილი კომუნიკაცია და ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება და მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ ეფექტურად ვაკონტროლოთ ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს სავალდებულო ვაქცინაციას.
„მინდა, ცალსახად ვთქვა, მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, რომ ეს ყველამ კარგად იცოდეს“, – განაცხადა მან.