„აქვს გამოკვეთილი საერთო სისუსტე და არასტაბილური მდგომარეობა, რაც ახასიათებს პოსტ-ტრავმატულ სინდრომს და წამების შემდგომ მდგომარეობას და არ არის კარგად“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, ის ელაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ექიმს ჰოლანდიაში და მისი თქმით, ერთ-ერთი საძილე საშუალება ჰოლანდიელი ექიმის დანიშნული არ იყო და ის დაინიშნა რუსთავის ციხეში. მისი თქმით, იგეგმებოდა დოზის გაზრდა.
„დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ იღებდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც საზღვარგარეთ ფართოდ გამოიყენება. ეს ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულება არ იყო, ეს იყო საძილე საშუალება, რომელიც დაინიშნა რუსთავის ციხეში.
ამის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს, პირველი სასამართლოს წინ. იგეგმებოდა დოზების გაზრდა. მე ეს ჩემი თვალით ვნახე ისტორიაში. დაახლოებით ათჯერ მეტი იყო“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა ის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ხედავს.
„სუსტად არის, ურჩევნია რომ იწვეს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ეს არ იყო უბრალოდ დაღლა, უფრო მედიკამენტოზური იყო თითქოს.
წამალი აქ დაუნიშნეს ეს წამალი, მაგრამ თავიდან იყო 25 მგ დანიშნული, მერე ნელ-ნელა გაიზარდა ეს დოზა. უკვე რომ ახლოვდებოდა პროცესი, სადღაც შაბათს 2 ექიმი იყო მოსული და გაოგნებულები დარჩნენ, იმიტომ რომ ეს დოზა ავიდა 200 მგ-ზე. შემდეგ, უკვე მომდევნო დღეებში უნდა ყოფილიყო 400 მგ“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე „TV პირველთან“ აცხადებდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს პოსკოვიდური ნევროლოგიური გართულებების ფონზე იღებდა და ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს თავად აცნობა.
როგორც შარაშენიძე განმარტავს, მედიკამენტები სააკაშვილის ჰოლანდიელი ექიმის მიერ იყო დანიშნული.