თურნავა ჟურნალისტს: აი, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით მინისტრად, ბოდიშს მომიხდით?

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას სიცრუა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალი წლის შემდეგ ის ისევ ეკონომიკის მინისტრი იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ, ე.წ. პარტიული ტელევიზიები (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ვერ გავექცევი), ავრცელებს უტიფრად ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მესმის თქვენი ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის სასიამოვნო არაა საუბარი, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და გინდათ აქცენტის გადატანა პიროვნებაზე.

აი, გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში.  მაინტერესებს ის ტელევიზიები, რომლებიც ამას ასე უტიფრად ავრცელებთ – მზადთ ხართ თუ არა რომ მომიხადოთ ბოდიში თქვენი კოლეგების თანდასწრებით?“ – ჰკითხა თურნავამ ჟურნალისტს.