„ექსცენტრული მოგზაურის“ ეგზისტენციალური თავგადასავალი: მხატვარ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში
დიდი ხანია გამოფენისგან ასეთი სავსე, მრავალშრიანი და ეგზისტენციით დატვირთული არტ-შეგრძნებები არ მიმიღია… დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ოთხ დარბაზში, მხატვარ ტატო ახალკაციშვილის დაახლოებით 70 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შეგიძლიათ ბუნებრივად მოარგოთ გამოფენის სახელწოდებას – „ექსცენტრული მოგზაური“. თუმცა გამოფენა იმდენად მასშტაბური და სიღრმისეული ასოციაციებითაა დატვირთული, რომ თავისუფლად შეგვიძლია ამ მოგზაურობას ეგზისტენციალურიც ვუწოდოთ.
გამოფენის ორგანიზატორია კულტურის ცენტრი ATINATI, ხოლო გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი, რომელიც გამოფენის კონცეფციას ასე წარმოგვიდგენს: „მოგზაურობა წარსულში, მომავალში, დროის მიღმა, ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და სულებით დასახლებულ ტყეებში, მიტოვებულ შენობებსა და უსასრულო ტრასებზე, მარშალის კუნძულებსა და უცხო რიტუალებში, საკუთარ და სხვის სიზმრებში. ტატო ახალკაციშვილი უცნაური მოგზაურია, რომელიც შეგიყვანთ იმ სურათებში, რომლებსაც არც კარი აქვს და არც გასაღები; ან არ შეგიშვებთ გადაშლილ პეიზაჟებში, რომლის წინ უნდა დადგეთ და დაელოდოთ დროს, როცა ისინი ამეტყველდებიან. მისი მხატვრობა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა – ფართო და მაძიებელი“…
სწორედ ეს მაძიებლობა–წარმოსახვა ქმნის მხატვრის შინაგან თავგადასავალს, მისი არტ–სივრცის უცნაურ ვიბრაციას, ატმოსფეროს, რომელსაც გრძნობთ ბოლო ათწლეულში შექმნილი მისი ნამუშევრების ნახვისას. ეს გამოფენის სივრცის კარგ ორგანიზებასა და ნამუშევრების დარბაზების განლაგების კონცეფციაშიც აისახება. მაგალითად, როცა შედარებით განტვირთულ პირველ დარბაზში ორ დიდ ფერწერულ ნამუშევარს – „დრაკონების ქრონიკასა“ და EGO SUM UNICUM EXITUS –ს (შეიძლება ითარგმნოს „მე ვარ ერთადერთი წარმატება“) მოპირდაპირე კედლებზე იხილავთ. მასშტაბი და მეტაფორული ხატები გიბიძგებთ როგორც დრაკონის ლეგენდის ხელახალი, პოლიტიკური გააზრების, ასევე ექსპრესიონისტული ფერწერისა და თანამედროვე ანიმაციისკენ. კიდევ უფრო მძაფრი და სოციალური შინაარსისაა მეორე ნამუშევარი, რომელშიც წარმოსახვა გიბიძგებთ ამ ელფებისა თუ ჯუჯების სამყარო ცირკის გროტესკული წრის მიღმაც დავინახოთ…. ირონიით ნაკარნახევი და ზუსტი სათაური ზოგჯერ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თავად ნამუშევრის დახვეწილი ფერწერული სიშლეგე დაიტევდა.
სრულიად განსხვავებულია მეორე დარბაზის ატმოსფერო, სადაც ქაღალდზე შესრულებული, მცირე ზომის უსათაურო ნამუშევრებია თავმოყრილი. გარდა ამისა, შეგიძლიათ ამერიკული ფილმებითა და პოსტერებით ინსპირირებულ ნამუშევრებსაც გაეცნოთ. მცირე ფორმატს თავისებური შინაგანი, ინტიმური განწყობა ახასიათებს, რომელიც ნატიფი, ზუსტად მიგნებული დეტალებით არის გამდიდრებული.
მრავალფეროვნება, განსხვავება და სხვადასხვა არტისადმი კონტროვერსიული მიდგომა ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს კიდევ უფრო განსხვავებულ და საინტერესო განზომილებას ანიჭებს. ერთი მხრივ, ის ეყრდნობა ნატურალიზმის ძლიერ გამოცდილებას, მაგრამ ამავე დროს, სამყაროს ხედავს მძაფრად ექსპრესიონისტული ფორმით. უცნაურად მშვიდი, მისტიკური და გარინდებული მისი ფერწერა იმავდროულად ფეთქებადსაშიშია, რადგან ეს ნამუშევრები ინახავენ მისტიკის, ოდნავი სიშლეგისა და არტისტული სიმძლავრის ენერგიას.
საკმარისია გრაფიკული ზამთრის ტყის ფონზე მხიარული კურდღლების „გაბაასებას“ მიუგდოთ ყური (შორეული და ოდნავ ირონიული მოკითხვა იოზეფ ბოისის „მკვდარ კურდღელს“), ან იმავე დარბაზში, ფანჯრის რაფაზე მკვდარი ირმის ფერწერული ნატურალიზმის ძალა შეიგრძნოთ, რომ ცხადი გახდეს მხატვრის შემოქმედებითი დიაპაზონიც და მასშტაბიც. ხოლო თუ ამ ყველაფერს თეირანის კონფერენციაზე გადაღებული სტალინის ცნობილი ფოტოს მიხედვით შექმნილ ირონიულ ფერწერულ მინიატურას დავუმატებთ (უბრალოდ აქ ბელადს თავი აქვს „მოჭრილი“ და მხოლოდ სხეულს ვხედავთ ჩარჩოში), ასევე შევიტყობთ ინფორმაციას მხატვრის პოსტმოდერნისტული უნარისა და თამაშების შესახებ.
ზამთრის ტყის ნატურალისტურ პეიზაჟს, კურდღლების გარდა, ასევე აცოცხლებენ ფრინველები, რომლებიც თავიანთი უცნაური, ავბედით–გრაფიკულ ენერგიით გვატყვევებენ. ეს პეიზაჟები სახელწოდებით „ექო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მხატვრის საფუძვლიან ცოდნას და კავშირს მეცხრამეტე საუკუნის კლასიკურ ფერწერასთან და ამავე დროს გერმანულ ექსპრესიონიზმთან. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტატო ახალკაციშვილი თავის დროზე გერმანიაში რამდენიმე წელი სწავლობდა და მუშაობდა.
ტატო ახალკაციშვილის გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 იანვრამდე გაგრძელდება. ამავე გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მხატვრის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც 29 დეკემბერსაა დაგეგმილი. გარდა ამისა, კულტურის ცენტრ ATINAT-ში (ინგოროყვას ქუჩაზე) დაგეგმილია თავად მხატვართან და გამოფენის კურატორთან, ხათუნა ხაბულიანთან დისკუსია გამოფენის შესახებ.