მიატოვიჩი: მოვუწოდებ პარლამენტს თავი შეიკავონ ინსპექტორის გაუქმებაზე კანონის მიღებისგან

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი დუნია მიატოვიჩი განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.

“მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და სამსახურში დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამ კანონპროექტის მიღებამ შეიძლება მხოლოდ შეასუსტოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელი ფუნქციონირება.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

————————–

„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად აფასებს.

„კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა”, – წერია NGO-ების განცხადებაში.