28 იანვარს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტი დაესწრებიან.
„დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განსახლება უკვე დაწყებულია. 2022 წელს ავარიულ შენობაში მცხოვრები ყველა ოჯახი ახალ საცხოვრებელს, ეტაპობრივად, მიიღებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევნილმა თამარ საუთიევამ „პუბლიკას“ უთხრა, რომ „ქართლის“ მცხოვრებლები შეხვედრაზე თავიანთ წინადადებებსა და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ წარადგენენ, მოისმენენ შემხვედრ წინადადებებს და ამის შემდგომ გადაწყვეტენ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ.
როგორია დევნილების წინადადება:
1. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უმოკლეს ვადაში თბილისში, უკვე აშენებულ კორპუსებში შეისყიდოს ბინები სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა მოსახლისთვის და გადმოგვცეს ან
2. შეიქმნას რეალური მექანიზმი, რომ დევნილებმა შევძლოთ ბინების შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი:
ა) ბაზარზე ბინის საფასურის მოკვლევის საფუძველზე, კვადრატული მეტრის ფასი გაიზარდოს, მინიმუმ, 650 დოლარის ეკვივალენტამდე ლარში;
ბ) თანხა ჩაირიციხოს ბინის მიმღები დევნილის ანგარიშზე და გაიყინოს შეძენამდე.
აღნიშნულის განსახორციელებლად ისინი სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ შემდეგი შემადგენლობით: სანატორიუმ „ქართლის“ 4 მცხოვრები, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი, იურისტი.