„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება „ევროპული საქართველოს“ აქციაზე მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის სწორი პოზიცია და რუსეთს ეს ძალიან აწუხებს“ – ასე გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ გამოგზავნილ ნოტას „ევროპულ საქართველოში“.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მათი სახელმწიფო პროპაგანდის მკაფიო მაგალითი. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის სტრატეგიაა, სხვას გადააბრალოს ყველაფერი, თითქოს რუსეთი დამნაშავე არაფერშია.
„ეს განცხადება არის ძალიან მკაფიო მაგალითი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის, ამგვარია სტრატეგია, რომ სხვას უნდა აბრალო ყველაფერი და თითქოს რუსეთი არაფერში არ არის დამნაშავე, ასე ცდილობენ გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ.
ასევე უნდა ავღნიშნო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მუდმივად მხარს უჭერს დარღვევას ყველა საერთაშორისო დოკუმენტის ტერიოტიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, აცხადებს იმას, რომ რუსეთის ყოფილ საელჩოში შუქი ჩაქრა, რაც ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მარტივად, თავადვე ჩააქრობდნენ და გამოიყენებდნენ ამ განცხადებისთვის.
მეორე საკითხი, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე, საზოგადოების აქტიურობა და „ევროპული საქართველოს“ სოლიდარობის აქცია არის სწორი პოზიცია, რაზეც რუსეთის სახელმწიფო უწყებების რეაქციაც მიუთითებს.“ – განაცხადა წერეთელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ა. ა. ზაიცევის განცხადებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო უწყებას „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის გამო ნოტა გაუგზავნა.
„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ 26 იანვარს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საელჩოს ყოფილ შენობას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ვიდეორგოლი უჩვენეს. პერფორმანსის დასრულების შემდეგ კი უკრაინის დროშის ფონზე უკრაინის ჰიმნიც გაისმა.