რუსეთის სექციამ საქართველოს საგარეო უწყებას 26 იანვრის აქციის გამო ნოტა გაუგზავნა - რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ა. ა. ზაიცევის განცხადებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო უწყებას „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის გამო ნოტა გაუგზავნა.

„მომხდარმა შეგვაშფოთა. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან. ცოტა ხნით ადრე კი, სექციაში გაითიშა მთავარი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები.

მომხდართან დაკავშირებით, ინტერესთა სექციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნა ნოტა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი გზავნილი გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელს“


„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ 26 იანვარს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საელჩოს ყოფილ შენობას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ვიდეორგოლი უჩვენეს. პერფორმანსის დასრულების შემდეგ კი უკრაინის დროშის ფონზე უკრაინის ჰიმნიც გაისმა.