დასტურდება, რომ ერთ დროს, ერთ სასტუმროში გახარიას და სააკაშვილის ყოფნა არ შეიძლება დაემთხვეს - მდინარაძე

პუბლიკა

„ვიღაცებს სჯეროდათ, რომ შეიძლება ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში შეიძლება დაემთხვეს ისე ორი ადამიანი, თუ განსაკუთრებით ესენი არიან გახარია და სააკაშვილი, რომ ეს შეიძლება დამთხვევა იყოს, ჩვენ ამის არ გვჯეროდა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და დღეს მათი კოალიციით დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას.

„რაც მოხდა სამეგრელოს ორ რაიონში, რამდენიმე ხნის წინ დაფიქსირდა რუსთავშიც. რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას. რეალურადაც ასეა, მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა და რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ერთად იქნებიან, მათ ერთმანეთი აირჩიეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ იგულისხმა 2021 წლის ივნისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში ერთდროულად იმყოფებოდნენ და მათ შორის „კონსპირაციული შეხვედრა შედგა“. მაშინ ეს ინფორმაცია ორივე პარტიამ უარყო.

რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩია.

შეროზია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ 15 და თავისი პარტიის 3 წევრის მხარდაჭერა მიიღო. კენჭისყრაში „ოცნება“ არ მონაწილეობდა.

რუსთავის საკრებულო ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ მესამეა, რომლის თავმჯდომარედაც გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.