დღესდღეობით ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა გაიგივებულია, როგორც მთავარი რისკფაქტორი სიკვდილიანობისა და ძირითადი განმაპირობებელი ჭარბწონიანობისა და სიმსუქნისთვის. 2010 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა გლობალური რეკომენდაციები, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი არაგადამდები დაავადებების პირველადი პრევენცია ფიზიკური აქტივობის გზით. 2012 წელს აღნიშნულ საკითხზე კვლევამ აჩვენა, რომ ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა ყოველწლიურად 5 მილიონამდე სიკვდილს იწვევდა. ამ კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 23% და მოზარდების 80% საკმარისად ფიზიკურად აქტიური არ არის, თუმცა ამ დრომდე გამოქვეყნებული რეკომენდაციები ძირითადად 3 ასაკობრივ ჯგუფს ეხებოდა (5-17; 18-64; და 65 წელს ზემოთ) და არ არსებობდა მონაცემები 5 წლამდე ბავშვების ფიზიკური აქტივობების შესახებ.
WHO-ის ანგარიშის მიხედვით, ადრეული ბავშვობა სწრაფი ფიზიკური და კოგნიტური განვითარების პერიოდია. ამ დროს ყალიბდება ბავშვის ჩვევები და საოჯახო ცხოვრების რუტინა ღიაა ცვლილებებისა და ადაპტაციისთვის. ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ცხოვრების სტილი და ქცევა გავლენას ახდენს დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის ფიზიკური აქტივობის ინტენსივობაზე. აქტიური თამაში, ფიზიკური აქტივობა მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
ბავშვის ყოველდღიური რუტინა შედგება ძილის, ჯდომისა და სუსტი, საშუალო ან ძლიერი ფიზიკური აქტივობებისგან. მჯდომარე მდგომარეობაში შესრულებული აქტივობები, მათ შორის, მოტორიზებული ტრანსპორტის მართვა, მერხთან ჯდომა, ტელევიზორის ყურება ან ვიდეოთამაში უფრო და უფრო გაბატონებული ხდება და დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო შედეგებთან.
ჯანმრთელობაზე გარკვეულწილად აისახება ძილის ხანგრძლივობაც – არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია სიმსუქნესა და ჭარბ წონასთან, მოზარდებშიც და ზრდასრულებშიც, ისევე, როგორც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან. ძილის ქრონიკული უკმარისობა 7 წლის ასაკამდე დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მოზარდობის პერიოდშიც და ზრდასრულ ასაკშიც.
ჯდომის, ძილის ხანგრძლივობისა და ფიზიკური აქტიურობის გაუმჯობესება ამცირებს არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას და დადებითად აისახება ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს ბავშვის ქცევისა და ცხოვრების სტილის შესახებ რეკომენდაციებს, რომლებიც სამივე ტიპის ქცევას აერთიანებს.
რეკომენდაციების მიზანია, დაადგინოს 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობის დრო, ძილის ხანგრძლივობა და რამდენად არის რეკომენდებული ბავშვებისთვის ეკრანებთან დროის გატარება. მოცემული რეკომენდაციები ავსებს 2010 წელს შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებული რეკომენდაციები არ იყო შეტანილი. ისინი ზოგად რჩევებს გვთავაზობენ ადრეული ბავშვობის პერიოდში აღზრდის მეთოდებისთვის.
ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ:
ა) ეს რეკომენდაციები არ ეხება ბავშვის ცხოვრების ყოველ საათს;
ბ) ფიზიკური აქტივობა ადრეულ ბავშვობაში, ძირითადად, აქტიური თამაშის ფორმით არის გამოხატული;
გ) ჩუმი თამაში (რომელიც არ არის ენერგიული, არ მოიცავს ფიზიკურ აქტივობას და შესაძლოა ჯდომის დროსაც) არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის და მრავალი ფორმა შეიძლება ჰქონდეს.
დ) ადეკვატური ძილი მნიშვნელოვანია ადრეული ბავშვობიდანვე, ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის.
ეს რეკომენდაციები ბავშვის ადრეული განვითარების ყველა ასპექტს არ ეხება და ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ფიზიკურ აქტივობაზე, ჯდომაში გატარებულ დროსა და ძილის რეკომენდებულ ხანგრძლივობაზე.
რეკომენდაციები შეიძლება, შესაფერისი იყოს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ჯანდაცვის სპეციალისტებისგან დამატებით დახმარებასა და რჩევებს მიიღებენ.
რეკომენდაციები:
ფიზიკური აქტივობა
– ჩვილები (1 წლამდე) ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით, განსაკუთებით იატაკზე ინტერაქციულ თამაშში. რაც მეტია აქტივობა, მით უკეთესია. ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ არ დადიან, რეკომენდაცია გულისხმობს ღვიძილის დროს 30 წუთით მუცელზე დაწვენას და თამაშს (tummy time).
– 1-დან 2 წლამდე ბავშვები დღის განმავლობაში 180 წუთი მაინც უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიურნი. ფიზიკური აქტივობა ითვალისწინებს როგორც საშუალო, ასევე ძლიერი ინტენსივობის აქტივობას. რაც მეტი იქნება აქტივობა, მით უკეთესია.
– 3-დან 4 წლამდე ბავშვები დღის განმავლობაში 180 წუთი მაინც უნდა გაატარონ ფიზიკურ აქტივობაში, აქედან 60 წუთი – საშუალო და ძლიერი ინტენსივობის აქტივობებში. რაც მეტია აქტივობა, მით უკეთესია.
WHO-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს წარმოებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია მოტორულ და მენტალურ განვითარებასთან, ფსიქოსოციალურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობასთან, ასევე ძვლოვანი სისტემის გამართულობასთან და, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო და ძლიერი ინტენსივობის აქტივობის საჭირო ხანგრძლივობა ვერ დაადგინა, კვლევები აშკარად მიუთითებდა, რომ მეტი აქტივობა ჯანმრთელობისთვის უკეთეს შედეგებს იძლეოდა.
1 წლამდე ჩვილებისთვის დღეში 30 წუთი მუცელზე წოლა აშკარად იყო დაკავშირებული ჯანმრთელობის მრავალ ინდიკატორთან.
ჯდომაში გატარებული დრო:
– ჩვილები (1 წლამდე) ჩვილებისთვის ჯდომის 1 საათზე ნაკლებ დროზე შემცირება არ არის რეკომენდებული.
-
1-დან 2 წლამდე ბავშვები ჩვილების მსგავსად, ჯდომა თითო ჯერზე 1 საათზე ნაკლები დროით არ უნდა შევზღუდოთ. წლის ბავშვებისთვის მჯდომარე პოზაში ეკრანებთან დროის გატარება საერთოდ არ არის რეკომენდებული (ტელევიზორის ყურება, ვიდეოთამაში). 2 წლის ბავშვებისთვის ეკრანთან მჯდომარე პოზაში გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. რაც უფრო ნაკლები იქნება, უკეთესია. რეკომენდებულია ჯდომის დროს აღმზრდელის მხრიდან ამბებისა თუ ზღაპრების მოყოლა.
-
3-დან 4 წლამდე ბავშვები ჯდომის პერიოდი არ უნდა შევზღუდოთ 1 საათზე ნაკლები დროით. ეკრანებთან მჯდომარე პოზაში გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. თუ ნაკლებს გაატარებენ, უკეთესია. ჯდომის დროს რეკომენდებულია აღმზრდელის მხრიდან ამბებისა თუ ზღაპრების მოყოლა.
სახელმძღვანელო წესების განვითარების ჯგუფის (GDG) რეკომენდაცია მკაცრად ეწინააღმდეგება 5 წლამდე ბავშვების ეკრანებთან გატარებული დროის ზრდას. ეკრანებთან ნაკლები დროის გატარება დაკავშირებულია სიმსუქნის რისკის შემცირებასთან, მოტორული უნარების განვითარებასა და ფსიქოსოციალურ ჯანმრთელობასთან. ამბისა და ზღაპრის თხრობაში აღმზრდელთან გატარებული დრო კი ხელს უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებას.
ძილის ხანგრძლივობა 24 საათის განმავლობაში:
– ჩვილებს (1 წლამდე) უნდა ეძინოთ 14-17 საათამდე (0-დან 3 თვემდე ასაკი) ან 12-16 საათამდე (4-11 თვემდე ასაკი), შუადღის ძილის ჩათვლით.
-1-დან 2 წლამდე ბავშვებს უნდა ეძინოთ 11-14 საათამდე, ხარისხიანი ძილით, შუადღის ძილის ჩათვლით.
-3-დან 4 წლამდე ბავშვები უნდა ეძინოთ 10-13 საათამდე, ხარისხიანი ძილით, შუადღის ძილის ჩათვლით.
კვლევის მიხედვით, ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია სიმსუქნის მაღალ რისკთან, ემოციების ნაკლებრეგულირებასა და შენელებულ ზრდასთან. არ გამოიკვეთა მკაფიო კავშირი ძილის ხანგრძლივობასა და კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარებას შორის.
– ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება, მჯდომარე მდგომარეობაში ან ეკრანებთან გატარებული დროის, ფიზიკური აქტივობისა და ძილის ხანგრძლივობის შესახებ ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სასარგებლოა;
– ეკრანებთან გატარებული დროის ჩანაცვლება საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით, ძილის რეკომენდებული ხანგრძლივობის შენარჩუნების პარალელურად, იძლევა დამატებით სარგებელს ბავშვის ჯანმრთელობისთვის.