ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ 2 ადამიანის დაკავებას საპროტესტო აქციის დროს მისი ცემის ბრალდებით.
ხაბეიშვილმა თქვა, რომ მასზე ძალადობა 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მისივე თქმით, გდდ-ის მაშინდელი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მას ვიდეოს უღებდა და მისგან მოითხოვდა, კამერის წინ ეთქვა, რომ „ჩმორია“.
გუშინ, 7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილ-მაისსა და ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: ერთი გდდ-ის თანამშრომელი, ერთი კი – გდდ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა სამუშაოდ.
„მე რომ შემითრიეს და წიხლებს მირტყამდნენ, ეგ [ვიდეოკადრი] არის 20 წამი. 27 წუთის განმავლობაში ვიყავი მათი თავდასხმის ობიექტი. ამას ადასტურებს ის, რომ პირდაპირ ეთერში იყვნენ ტელევიზიები და არსებობს საათი, როცა გამიტაცეს და რომელ საათზე ვიყავი სამედიცინო დაწესებულების მანქანაში. მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ჩემზე გრძელდებოდა თავდასხმა და ეს იყო რამდენიმეეტაპიანი.
მაშინ მე, როგორც პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, განცხადება გავაკეთე პარლამენტში და დავასახელე კონრეტული ადამიანი, რომელიც არათუ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში, არამედ ვიდეოს მიღებდა – ზვიად ხარაზიშვილი (ხარება). მე მოვყევი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ეს კაცი რას მოითხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს წამებას. უნდა მეთქვა, რომ ვარ ჩმორი. ამ ვიდეოს ატვირთავდნენ და იტყოდნენ, რომ აგერ თქვენი ჩმორი ხაბეიშვილი ნახეთ, როგორ ტირის და წუწუნებს.
ბოდიში, ვერ მოგართვით, მიუხედავად იმისა, რომ 27 წუთი გაგიძელით.
აჩვენონ ის ვიდეო საზოგადოებას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ვიდეოს უგზავნიდნენ კობახიძეს – პრემიერ-მინისტრი იყო, მამუკა მდინარაძეს – ფრაქციის თავმჯდომარეს, გომელაურს – შს მინისტრი იყო“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ 1 მაისის ღამეს (30 აპრილის აქციის დარბევისას), პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ალყაში მოაქციეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის შედეგად მან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანდა, რომ მას ჰქონდა სახის ძლიერი შეშუპება, სისხლჩაქცევები და გატეხილი ცხვირი. მოგვიანებით დადასტურდა ცხვირისა და ყბა-სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე ტვინის შერყევა.