Amnesty: 5 პოლიციელის დაკავება ვერ ცვლის საქართველოში დაუსჯელობის ზოგად სურათს

პუბლიკა

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება პროკურატურის მიერ 5 პოლიციელის დაკავებას 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო.

Amnesty აცხადებს, რომ სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე მომიტინგეებზე თავდამსხმელი ხუთი პოლიციელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემაა.

„ანგარიშვალდებულება პოლიციის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ ძალის ფართომასშტაბიანი და გადამეტებული გამოყენების გამო, რაც 2024 წლიდან საპროტესტო აქციების დარბევისას ხდებოდა, ვერ შემოიფარგლება სამართალდამცავი ორგანოს ხუთი თანამშრომლის დაკავებით, რაც უკვე 17 თვით დაგვიანებულია.

Amnesty International-მა დოკუმენტურად დააფიქსირა ძალის უკანონო გამოყენების, სავარაუდო წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ათეულობით შემთხვევა, ასევე მძიმე დაზიანებები, მათ შორის ძვლების მოტეხილობები, რომლებიც იმ პირებს მიაყენეს, რომლებიც უბრალოდ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ. ასეთ მოპყრობაზე ასობით მომიტინგე ჩიოდა. სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ამ შემთხვევაზე.

მხოლოდ ეს ხუთი დაკავება ვერ ცვლის საქართველოში დაუსჯელობის ზოგად სურათს, ისევე როგორც იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ათეულობით შემთხვევა კვლავ ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება“, – აცხადებს ორგანიზაცია. 

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა თქვა, რომ პროკურატურის გამოძიება უნდა შეეხოს ყველა დამნაშავე პირს, მათ შორის როგორც ბრძანების გამცემებს, ისე – მათ, ვინც ეს ბრძანებები შეასრულეს და ადამიანის უფლებები დაარღვიეს.

„აუცილებელია, რომ ანგარიშვალდებულება გავრცელდეს მართვის მთელ ჯაჭვზე და პოლიციის მხრიდან უკანონო ქმედების ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაზე“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა.

7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილ-მაისსა და ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

8 მაისს პროკურატურამ მათ ბრალი წარუდგინა და დაასახელა ინიციალები: გ.კ., ზ.ჩ., ა.ბ., ტ.ბ. და გ.ბ.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ძალადობის ეპიზოდებს, პროკურატურის თანახმად: 

პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზ, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.

მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.