სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებში დავალების მიცემის ირიბი მტკიცებულებაც არ იკვეთება და საქმის მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს იყო კერძო ინიციატივები.
„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, არც ერთი, არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც არ არის საიმისოდ, რომ ვინმე აძლევდა სპეცრაზმელებს დავალებას, რომ მათ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ვინმეზე გავიდეს. ე.წ. დამკვეთები არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა.
დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ, დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს…
როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა, პირობითად, ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით რეალობას და არა პიარკამპანიას“, – ამტკიცებს მდინარაძე.
მედიაკოალციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, აპარატურის ჩამორთმევის, დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის 90-ზე მეტი შემთხვევა.
მედიაზე თავდასხმების მონიტორინგის სტატისტიკით, მიზანმიმართული თავდასხმის და აქციის დარბევის შედეგად აღრიცხულია მედიის წარმომადგენლების ფიზიკურად დაზიანების 70-მდე შემთხვევა, სამუშაო აღჭურვილობის ჩამორთმევის 20-მდე ფაქტი და მედიის წარმომადგენელთა დაკავების 10-მდე შემთხვევა.
რაც შეეხება ძალადობის სხვა შემთხვევებს, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 300-მდე ადამიანს, მათ შორის არიან დემონსტრანტები, ჟურნალისტები და სამართალდამცველები.
სახალხო დამცველის აპარატმა დააფიქსირა ასეულობით შემთხვევა, სადაც დაკავებულებსა და დემონსტრანტებს აღენიშნებოდათ ფიზიკური ძალადობის კვალი. ბევრ მათგანს დაზიანებები მიყენებული ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ აქციაზე, არამედ დაკავების შემდეგ, იზოლატორებში გადაყვანამდე.
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს შსს-ს თანამშრომლების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაზარალებულად ცნობილია 105 პირი.
ანგარიშში ომბუდსმენი წერს, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება.
როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი წერს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ასევე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში – მასშტაბური.
მაგალითად, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში – 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22 (88%) აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.
ომუდსმენის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 267 პირი (60%).