„ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ცვლილებები ახალ წლამდე დაიწყო და სწრაფად განვითარდა. ჰარცელის თქმით, პროცესი არ იყო საკმარისად ინკლუზიური.
„მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული,
ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ“, – განაცხადა მან.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2019-2021 წლების ინსპექტორის საქმიანობის შედეგები გააცნო.