თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთ გამოეხმაურა ე.წ. სახელმწიფო მიწების მიტაცების საკითხს და აღნიშნა, რომ მერია თაღლითობის საშულებას არავის არ მისცემს.
კალაძის თქმით, უსახლკარო სტატუსის მქონე მოქალაქეები მერიისგან მუნიციპალურ საცხოვრისს მიიღებენ, თუმცა, მისივე თქმით, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებასთან, უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
„იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს (დღეის მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახია დედაქალაქში), მე მივეცი პირობა და გავეცი დაპირება, რომ ეს ადამიანები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით და მათ ექნებათ სახლი და უსახლკარობის პრობლემა მათთვის იქნება მოგვარებული…
თუმცა ცხადია, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებასთან, უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მიზანმიმართულად ცდილობენ, სახელმწიფო მიწები როგორმე მიიტაცონ, შემდეგ გამოდიან ტელევიზიით და საუბრობენ თავიანთ გაჭირვებაზე.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი და მაგალითი გვქონდა ბოლო შემთხვევაში, როდესაც დემონტაჟს ვახორციელებდით, როდესაც მიტაცებული იყო სახელმწიფო მიწები და ერთი-ერთი პიროვნება საუბრობდა თავის გაჭირვებაზე მაშინ, როდესაც 2015 წელს მინიციპალიტეტისგან აქვს 356 000-ლარიანი დახმარება, არ მოგესმათ. ამ ადამიანს ასევე აქვს სამი საცხოვრებელი ბინა ვაკის რაონში, ღმერთმა ყელას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის არ მივცემთ. ყოველთვის წინ აღვუდგებით უკანონობას. კანონი ყველასთვის არის ერთი”, – ამბობს კალაძე.
გასულ კვირას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორხევის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლები დაანგრია.