თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.

„საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.

სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)“, – ამბობენ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.