სააკაშვილის უფლებები უნდა იყოს დაცული და მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, მათი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი და მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამის შესახებ კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„მე როგორც ვიცი ბატონმა სააკაშვილმა გააგზავნა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება.

რაც შეეხება კანონთან შესაბამისობას და კანონის უზენაესობას, ჩვენი პოზიციაა, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი“, – განაცხადა დეგნანმა.

თუმცა, კელი დეგნანის თქმით, ის ვერ ისაუბრებს საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ეს პარლამენტის უფლებამოსილებაა.