მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით 40 ათასი აბონემენტია გაყიდული, მათი დიდი ნაწილი მოდის 1-თვიანი და 1-წლიან აბონემენტებზე.
„დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ოპონენტები საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვას ცდილობენ და არასწორად ინფორმაციას ავრცელებენ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ.
„ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან არასწორ განცხადებებს. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მათემატიკა ყველამ ძალიან კარგად იცით. ამიტომ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც თქვენ გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტი. ოპონენტების მხრიდან სატრანსპორტო პოლიტიკაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინა ამ ქალაქისთვის. ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, ჯართში ჩააბარეთ, გაყიდეთ და არანაირი უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ტრანსპორტზე და სატრანსპორტო პოლიტიკაზე“, – განაცხადა კალაძემ.