„ევროპელი სოციალისტები“ პრემიერ-მინისტრს რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

„ევროპელი სოციალისტები“ მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია გამოიყენოს და რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს.

„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ საქართველო ამ გზით შეძლებს პრობლემების თავის საკეთილდღეოდ გადაწყვეტას, უმოქმედობა კი ღალატის ტოლფასი იქნება.

პარტიის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებაში ნათქვამია, რომ გლობალური უსაფრთხოების გარანტიებზე წამოწყებული საუბარი საქართველოს ინტერესებზე აისახება და ქვეყანას ახლა აქვს შანსი, რომ შუამავლების გარეშე პირდაპირი დიალოგი დაიწყოს კრემლთან.

„მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ამას ახორციელებენ მსოფლიოს და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები. იმავეს მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს.

ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ მინისტრი თავისი დიპლომატიური ქმედებით, რაც მათ გამოიჩინეს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის დროს და ჩვეული პრინციპულობით, პირდაპირი დიალოგის გზით, შეძლებს ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ხოლო ქართველი ხალხი ამ განსაცდელის ჟამს გაერთიანდება და გვერდში დაუდგება პრემიერ- მინისტრს, ამ ურთულესი მისიის შესრულებაში“, – ნათქვამია ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც ქვეყანას ბოლო 30 წელია პრობლემებს უქმნის, მოქმედ ხელისუფლებას არ მიუძღვის ბრალი, ამიტომ მას შეუძლია ქვეყნის ინტერესების წარმატებით დაცვა.

„მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალუძს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში, მიუხედავად არსებული უმძიმესი ზეწოლისა, რაც დღეს სახეზეა და ყოველდღიურად  ვხედავთ, როგორ ილახება ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები.

ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება არ მიეცეს, და ამ შანსის არ გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი.

ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა“, – ნათქვამია ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.


უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო. კრემლში მოითხოვენ, რომ NATO-მ აღმოსავლეთით გაფართოება შეწყვიტოს, დოკუმენტურად ასახოს დებულება, რომ საქართველო და უკრაინა ვერასდროს გახდებიან ალიანსის წევრები.

ასევე, რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს NATO-სგან, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ქვეყნებიდან გაიტანოს სტრატეგიული შეიარაღება, გავიდნენ მოკავშირეთა ძალები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალები დაუბრუნდნენ 1997 წლისთვის არსებულ მდგომარეობას.