გასარკვევია, რატომაა „ლელო“, როგორც ბრენდი, პოლიტიკური პარტიის ლოგოზე - წულუკიანი

პუბლიკა

„ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ, რომ ლელოს რომ ვერ დებენ ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, მე, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ „ლელო“ არის, როგორც ბრენდი, და გასარკვევია კიდევ, რატომ არის ის პოლიტიკური პარტიის ლოგოზე“, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, „საით მიდიან პარტიები „ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“.

წულუკიანის შეფასებითვე, პარტია „ლელო“ არასერიოზული ძალაა და სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციურ ძალად.

„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს მხოლოდ სევდიანი ისტორიაა, იმიტომ რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედსა და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო, დაგამთავრებთ, თუ დაგასრულებთ“, რეალურად მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი, რომელიც სენაკში უკვე არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება და კვორუმის დათვლისას პრობლემებს აწყდება. ვერ ხვდება, რომ თუ 17 [ხმა] არის საჭირო, 16 არ უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, დასანანია“, – განაცხადა წულუკიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ერთი წელი გავიდა გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დატოვებიდან და რა დაემართა მას, წულუკიანი პასუხობს, რომ „კარგი არაფერი“.